logo
ENG



CRRC: 45% ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ივანიშვილი იგულისხმა

08 მაი 202311:22
3 წუთის საკითხავი
clock 746
CRRC: 45% ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ივანიშვილი იგულისხმა

CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.

კერძოდ, კითხვაზე - თქვენი აზრით, რომელ პიროვნებას ან პიროვნებებს მოიაზრებს ევროკომისია ოლიგარქში ან ოლიგარქებში? - 45% ამბობს, რომ ივანიშვილს, 37%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 4% პასუხზე უარს ამბობს. სხვა პასუხები ასე გადანაწილდა:

  • დავით კეზერაშვილი - 9%;
  • მიხეილ სააკაშვილი - 8%;
  • მამუკა ხაზარაძე - 7%;
  • ვანო ჩხარტიშვილი - 5%;
  • სხვა - 1%;
  • არ მოიაზრებს კონკრეტულ პიროვნებას - 8%

ამასთან, გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 43% ფიქრობს, რომ ქართული ოცნება საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მხოლოდ 25% ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, 11% არცერთს არ ეთანხმება, ხოლო 20% უარს ამბობს პასუხზე.

კითხვაზე - რამდენად გჯერათ, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს? - მხოლოდ 23%-ს სჯერა, რომ მთავრობა საჭირო რეფორმებს გაატარებს. 35% ამბობს, რომ არ სჯერა, 27% - ნეიტრალურია, ხოლო 15%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებს, გამოკითხულთა 26% ფიქრობს, რომ პოლარიზაციის შემცირება ყველაზე პრიორიტეტულია, 14%-ის აზრით ეს სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა, 8% ამბობს, რომ მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა, 5% - დეოლიგარქიზაცია, 4% - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

 

 

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.

დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.


close დახურვა