logo
ENG



ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს - ოცნების ინიციატივა

08 მაი 202314:40
3 წუთის საკითხავი
 
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს - ოცნების ინიციატივა

ქართული ოცნების ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

"ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ აირჩა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე", - ნათქვამია კანონპროექტში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დაიხვეწება ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენისა და არჩევის პროცედურები, უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება, შემდგომი განვითარება.

კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამასთანავე, გარანტირებულია საკონკურსო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა.


close დახურვა