logo
ENG



პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტებს ზარქუასთვის პუტინზე კითხვების გამო აკრედიტაცია შეუჩერა

12 მაი 202317:50
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტმა ფორმულას გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. 

მათთვის აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ზარქუა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტ, გიორგი კიკაბიძის კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.

პარლამენტის აპარატმა ჟურნალისტებს აკრედიტაციის გადაწყვეტილების შესახებ ფორმულას წერილობით შეატყობინა.

საკანონმდებლო ორგანო განმარტავს, რომ "საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“.

პარლამენტის თქმით, 2023 წლის 10 მაისს ფორმულას გადამღებმა გუნდმა "დაარღვია ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც დასტურდება 10 მაისს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტით", რის საფუძველზეც, პარლამენტის თქმით, კიკაბიძეს და ქვაჩახიას პარლამენტში აკრედიტაცია 1 თვით, 2023 წლის 11 ივნისის ჩათვლით შეუჩერდათ. 

6 აპრილს პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავრობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პარლამენტმა რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა, ნაწილს კი იმავე დღეს ისევ აღუდგინეს

როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.

2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.


close დახურვა