logo
ENG



დღეს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

17 მაი 202310:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/c3csk9mxsg310il.jpg

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები ამ დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და წერენ, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას და უნდა შეწყდეს დისკრიმინაცია და ძალადობა ლგბტქ+ პირთა მიმართ.

საელჩოების განცხადებაში წერია, რომ სექსუალური უმცირესობები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას; აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებას და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა. ერთობლივი წერილის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა.

17 მაისი პირველად 2011 წელს აღნიშნეს, მაშინ მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა. 2012 წელს ლგბტქ+ აქტივისტები ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ. მათ გზად "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "ვახტანგ გორგასლის კავშირის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გზის გადაკეტვის მცდელობის დროს პოლიციამ 3 ლგბტ აქტივისტი დააკავა.

2013 წლის 17 მაისი განმსაზღვრელი იყო ყველა იმ მოვლენისა, რომელიც მომდევნო წლებში, ამ დღის აღნიშნავს მოყვა. ამ დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ;პუშკინის სკვერში ძალადობრივად განწყობილმა სასულიერო პირებმა და ჭინჭრებით შეიარაღებულმა მრევლმა დაარბიეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ათასობით ადამიანი რამდენიმე ათეულ აქტივისტს სდევნიდა.

მომდენო წელს პატრიარქმა ილია მეორე 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ყოველწლიურად სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2013 წლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა სხვადასხვა ფორმით. მთავარი მოვლენიდან პირველი დიდი შეკრება მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2018 წელს მოხდა. ლგბტქ+ აქტივისტებმა დილის 10 საათზე, პოლიციის გაძლიერებული კორდონით, 1 საათით შეძლეს შეკრება. წინასწარ დარეგისტრირებული დემონსტრანტები ადგილზე ყვითელი მიკროავტობუსებით, განგებ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან, შსს-მ მიიყვანა.

ბოლო რამდენიმე წელია ივლისში "პრაიდის კვირეული" იმართება, რომლის ორგანიზატორიც არის Tbilisi Pride. 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი იყო ღირსების მარში, რომელსაც რუსთაველის გამზირზე უნდა ჩაევლო. თუმცა აქაც ძალადობრივმა ჯგუფებმა, სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ათასობით ადამიანმა ცენტრალური ქუჩა დაიკავა და ქალაქს არბევდა. ისინი მთელი ქალაქის მასშტაბით დასდევდნენ მარშის ორგანიზატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაარბიეს ოფისები და თავს დაესხნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის არასაკმარისი რაოდენობა. 

პოლიციამ ძალადობაში ბრალდებულები დააკავა და გაასამართლა, თუმცა ამ დრომდე არ არიან დაკავებულნი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები. 


close დახურვა