logo
ENG



ქარდავა: კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღე, ზოგ კანდიდატს მხარი დავუჭირე - არა ოცნების ხუთეულს

17 მაი 202317:30
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე არ უმოქმედია - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ოცნების 5 კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია.

რუსთავი 2-ის ცნობით, იმ ხუთ დეპუტატს შორის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს ბაჩუკი ქარდავაცაა. 

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას არ ჰქონია "ცალსახა და მკაფიო პრინციპული პოზიცია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას" არ მიიღებდა და ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის ჩაერთვებოდა საბჭოს წევრების არჩევაში. 

„ეს ჟურნალისტების გამოძიებული საკითხი არ არის, ეს ვიღაცის ნაჭორავებს უფრო ჰგავს. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ ყოფილა. მე გეტყვით, რომ პერსონებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება, გადაწყვეტილება არ მქონია. ვფიქრობდი, ყველასთვის მიმეცა ხმა თუ არა, მიმეცა ამ სიიდან ზოგიერთი კანდიდატისთვის ხმა თუ არა, მაგრამ რაც შეეხება, ქართული ოცნების ინტერესებში, ვინც შედიოდა, იმ ხუთეულისთვის მე ხმა არ მიმიცია.

ზოგიერთ კანდიდატს მე მხარი დავუჭირე, ანუ კენჭისყრაში მონაწილეობა მე მივიღე, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახა და მკაფიო პრინციპული პოზიცია, რომ კენჭისყრაში არ მივიღებდით [ოპოზიცია] მონაწილეობას, მე არ მსმენია. რომ ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება, ბუნებრივია მე ოპოზიციური ერთობის მომხრე ვარ ყოველთვის, ვიყავი და ვრჩები და საერთოდ არ მივიღებდი [მონაწილეობას].

საერთოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოვიდა ბოლოს, როდესაც დავტოვე დარბაზი კენჭისყრის ბოიკოტმა უფრო მეტი ეფექტი გამოიწვია, ამიტომ ზოგიერთს შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებდი იმიტომ, რომ ხვალაც მოგვიწევს ერთად მუშაობა და საქმის კეთება." - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ქარდავამ ასევე განაცხადა, რომ ის არც აქამდე და არც მომავალში აპირებს "რუსულ ხელისუფლებასთან" თანამშრომლობას და „ყველა დამშვიდდეს“.

"ქართული ოცნების კანდიდატია ეს და ამიტომ ხმა უნდა მისცეს ბაჩუკი ქარდავამ - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. არც ადრე, არც დღეს და არც მომავალში რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რეჟიმში არ ვიქნები. ყველა დამშვიდდეს. გაიყიდოს ის, ვინც გაყიდულა ადრე" - განაცხადა ქარდავამ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ის ხუთი დეპუტატი, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს არიან - ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ხუთივე მათგანი პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" პარტიული სიით მოხვდნენ. დილარ ხაბულიანის გარდა კი დანარჩენი ოთხი დეპუტატი ამ დრომდე ენმ-ს ფრაქციის წევრია. 

პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი დღეს აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე გადანაწილდა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

კენჭისყრის პროცესი შეჩერდა, რადგან ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატები ამბობენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი "გაიყიდა".


close დახურვა