logo
ENG



როგორ განმარტავს ჩხეიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოცნების კანდიდატების მხარდაჭერას

18 მაი 202313:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/18/oks3qzft5yty4t9.jpg

დეპუტატი ნატო ჩხეიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა იუსტიციის უმაღლეს საბჭში ქართული ოცნების კანდიდატებს მხარი.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ჩათში ოპოზიციისთვის მისაღები 4 კანდიდატის გვარის გარდა, კიდევ ერთი გვარი იყო - ნინო ნიშნიანიძის, რომელიც კენჭისყრის მეორე ტურში გადავიდა.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას გუშინ გამართულ ბრიფინგზე ეს არ უთქვამს.

"ენმ-ის ბრიფინგის დროს, როდესაც მათ მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოების გულისთვის ჩათში ჩაწერილი მესიჯი ბრძანეს და თქვეს ასეთი ფრაზა, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია. თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი. მათ გამორჩათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში იყო კიდევ მეხუთე გვარი - ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ გამორჩათ და არ დაივიწყა ქართულმა ოცნებამ. საერთოდ არ არის ქართული ოცნება პირობის შემსრულებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და დაინტერესებული პირები ნახავთ, რომ იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში უნდა გადავიდნენ, ერთ-ერთი არის სწორედ ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, სწორედ მოქმედებდა ის ფორმულა- 4/1-ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული და ამიტომ იყო, რომ სწორედ ოპოზიციური ჯგუფებიდან იყო ფრაზა, რომ აქ არის გარიგება. ეს გარიგება საბოლოო ჯამში, დაგვბრალდა ჩვენ : ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს. ენმ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, პირადი კითხვები მექნება ჩემს კოლეგებთან, ენმ-ის ფრაქციის ზოგიერთ წევრთან"- ამბობს ჩხეიძე.

17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ქართული ოცნების კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვეს ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ასევე, ბაჩუკი ქარდავამ.


close დახურვა