logo
ENG



215-ე ბაღის დირექტორი და აღმზრდელი, რომელიც ბავშვებზე ძალადობდა, გაათავისუფლეს - ფორმულა

18 მაი 202322:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/18/r10w5p8gauy47gk.jpg

ფორმულას ინფორმაციით, 215-ე ბაღის დირექტორი რუსუდან ცხვარაძე და აღმზრდელი ნატო ჭიკაიძე, რომელიც ბავშვებზე ძალადობაში მშობლებმა ამხილეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

215-ე საჯარო ბაღში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე მშობელმა ბაღის მასწავლებლის მხრიდან ბავშვებზე ძალადობისა და ბულინგის ფაქტებზე ფორმულასთან ისაუბრა.

ფორმულას ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ორივე მშობელი და აღმზრდელი ნატო ჭიკაიძეც, ხოლო საგამოძიებო სამსახურებმა ბაღიდან კამერების ჩანაწერები გამოითხოვეს.

11 მაისს ფორმულას ეთერში გავიდა რეპორტაჟი, სადაც 215-ე საჯარო ბაღში მშობლები აღმზრდელებს ბულინგსა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

როგორც მშობელი ანა ცხოვრებაძე ფორმულასთან ინტერვიუში ჰყვებოდა, პედაგოგის მიერ მიყენებული დაზიანებების გამო მისი 4 წლის შვილი ღია ჭრილობით კლინიკაში მოხვდა. ცხოვრებაძის თქმით, მის შვილს დაზიანებები, სავარაუდოდ, აღმზრდელმა ნატო ჭიკაიძემ მიაყენა. ცხოვრებაძემ პედაგოგის შესაძლო ბრალეულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ძალადობაზე ბავშვებმა თავის მშობლებს უამბეს.

კიდევ ერთი მშობელი, ლიკა ბერძენიშვილი ფორმულასთან ჰყვებოდა, რომ ბაღიდან კამერების ჩანაწერების გამოთხოვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ აღმზრდელი ნატო ჭიკაიძე მის შვილზე და სხვა ბავშვებზეც ძალადობდა - ურტყამდა, თმას წიწკნიდა და, მათ შორის, ოთახში გამოკეტვით სჯიდა.

ორივე მშობელის თქმით, მათ ბაღების სააგენტოში იჩივლეს და მიმართეს პოლიციასაც, თუმცა ფაქტს, რეაგირება არ მოჰყოლია.

მშობლები ამბობდნენ, რომ მათ ჩივილის გამო ბაღის დირექტორისგან, რუსუდან ცხვარაძისგან საყვედური მიიღეს და რომ დირექტორი აღმზრდელ ნატო ჭიკაიძეს ხელს აფარებდა.

ფორმულამ ასევე გაარკვია რომ პედაგოგ ნატო ჭიკაიძეს პროფესიული განათლება არ აქვს, მან მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა. ის ძიძად მუშაობდა და ძალადობაში ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა მაინც დააწინაურეს.

ნატო ჭიკაიძემ ფორმულას ზარებს არ უპასუხა, მისმა შვილმა მარიამ ჭიკაიძემ კი ფორმულას უთხრა, რომ კამერებში ბავშვებისადმი ძალადობის ფაქტები არ ჩანს. 

ამბის გასარკვევად 215-ე ბაღში მისულმა ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ წინა დღეს ბაღიდან მასწავლებლებს ორი ბავშვი გაეპარათ. ისინი რამდენიმე-საათიანი ძებნის შემდეგ ბაღიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს - ფაქტი სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.

დაზარალებული მშობლები ჰყვებოდნენ, რომ სხვადასხვა დროს ისინი გააფრთხილეს, რომ ბაღის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ჩივილს აზრი არ ჰქონდა, რადგან რუსუდან ცხვარაძეს გავლენიანი მფარველები ჰყავდა. ასევე მიანიშნეს, რომ აქ თითქმის ყველა დასაქმებული ქართული ოცნების კოორდინატორია - ბაღის ტერიტორიაზე კი არჩევნები ტარდება.

ფორმულას ექსკლუზიური რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ 215-ე საჯარო ბაღში გამომძიებლები მივიდნენ, მშობლები კი გამოკითხვაზე დაიბარეს. საკითხით დაინტერესდა სახალხო დამცველიც.

215-ე ბაღში ნატო ჭიკაიძის და სხვა აღმზრდელების მხრიდან ძალადობაზე სხვა მშობლებმაც ისაუბრეს. ისინი ჰყვებოდნენ, რომ ბავშვებზე ძალადობა წლებია, გრძელდება, თუმცა ფაქტებს სათანადო რეაგირებას არ მოჰყოლია, ამიტომ ბაღის ადმინისტრაციის საჯაროდ მხილება გადაწყვიტეს.

გამოძიება 215-ე საჯარო ბაღში სავარაუდო ძალადობის ფაქტებისა და ბავშვების დაკარგვის გარემოებების შესახებ დაიწყო.

საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც.


close დახურვა