logo
ENG



ყვარლის ტბის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული

20 მაი 202311:18
3 წუთის საკითხავი
 

სასტუმრო Kvareli Lake Resort-თან დილიდან პოლიციაა მობილიზებული - არსებული ინფორმაციით, იქ იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები.

დღეს სასტუმროსთან აქციაა დაგეგმილი - ამასთან, გუშინ, გვიან ღამით იქ იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ადგილზე პოლიციელები დახვდნენ.

გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.

სიუჟეტიდან ჩანს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო. ჟურნალისტი სასტუმროს წარმომადგენელს ეუბნება, რომ ეკატერინა ლავროვას სახელზე თაიგული არის შეკვეთილი და დაინტერესდა, სტუმარი იმყოფება თუ არა ადგილზე. მოგვიანებით, სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ თაიგული სწორად მიაქვთ.

როგორც ცნობილია ქორწილი Kvareli Lake Resort-ში ჩატარდება, სტუმრების ნაწილი კი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.

ფორმულა დაუკავშირდა ყვარლის სასტუმროს, სადაც უარყვეს ინფორმაცია, რომ მათთან სტუმრად ეკატერინა ლავროვა იმყოფება.


close დახურვა