logo
ENG



მთავარი არხი: ლავროვის შვილი და მისი ოჯახი საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ

19 მაი 202322:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/oxcrgb454w7xkzu.jpg

ტელეკომპანია მთავარი არხის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.

 

სიუჟეტიდან ჩანს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო. ჟურნალისტი სასტუმროს წარმომადგენელს ეუბნება, რომ ეკატერინა ლავროვას სახელზე თაიგული არის შეკვეთილი და დაინტერესდა, სტუმარი იმყოფება თუ არა ადგილზე. მოგვიანებით, სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ თაიგული სწორად მიაქვთ.

როგორც ცნობილია ქორწილი Kvareli Lake Resort-ში ჩატარდება, სტუმრების ნაწილი კი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება. 

ფორმულა დაუკავშირდა ყვარლის სასტუმროს, სადაც უარყვეს ინფორმაცია, რომ მათთან სტუმრად ეკატერინა ლავროვა იმყოფება. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს", – წერია განცხადებაში, რომელიც სასტუმრომ მოგვიანებით გაავრცელა.


close დახურვა