logo
ENG



ფინეთის ელჩი: გაკვირვებული ვარ ბევრი რამით, რაც ახლა საქართველოში ხდება

20 მაი 202316:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/7xx3je1gqjfr22m.jpg

ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში, კირსტი ნარინენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ გაკვირვებულია იმით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

"რა თქმა უნდა, ძალიან გაკვირვებული ვართ ძალიან ბევრი რამით, რაც ახლა საქართველოში ხდება. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ფრენები აღდგა მოსკოვიდან საქართველოში, რადგან ევროკავშირში რუსული თვითმფრინავები არ დაფრინავს, ისინი სანქციების ქვეშ არიან.

რაც შეეხება უკვე დღეს განვითარებულ მოვლენებს, ეს ძალიან მიკვირს, რადგან ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი შეშვება ევროპულ ქვეყნებში აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ არ უერთდებიან სანქციებს, მეორე მხრივ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ იმის მიუხედავად, რომ ეს აუცილებელია", - ამბობს ფინეთის ელჩი.

ნარინენის თქმით, 12 რეკომენდაცია აუცილებლად უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ძალის სჯერა და ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევენ.

დღეს, ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. გუშინ, რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.

ამასთან, როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

დღეს დილიდან ყვარლის ტბასთან მოქალაქეები და აქტივისტები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ადგილზე კი მობილიზებულია პოლიციაც. იყო დაპირისპირება, რა დროსაც აქციის მონაწილეები დააკავეს.


close დახურვა