logo
ENG



ზურაბიშვილი: მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ოჯახი წასულია, ქორწილი აღარ ჩატარდება

20 მაი 202317:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ცნობით, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.

„მივიღე ბოლოს პირობა შს-ის მინისტრისგან რომ წასულები არიან ის ოჯახი, ის ადამიანები რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ქორწილი ამდენად აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, რომელიც თავის დროზე გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“  - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. 

ასევე ცოტა ხნის წინ თელავში დააკავეს მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც. 

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ყოფნა დაუდასტურა. მელია ყვარლის ტბის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, მას იქ პოლიციელები დახვდნენ მობილიზებულები და სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სწორედ აღნიშნულის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში მოქალაქეები და აქტივისტები. 

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ყვარელში საპროტესტო აქციის დროს მათი წევრები დააკავეს, კერძოდ, დაკავებულთა შორის არიან: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი; საგარეჯოს საკრებულოს წევრი, დავით დიღმელაშვილი; გურჯაანის საკრებულოს წევრი, რამაზ ქერეჭაშვილი; ყვარლის საკრებულოს წევრი, ნიკა ღონიაშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე და პარტიის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. 

 

close დახურვა