logo
ENG



"რაც ყვარელში ვიხილეთ, იყო მოღალატეების მოქმედება" - ხოშტარია გაათავისუფლეს

21 მაი 202315:45
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გაათავისუფლეს - ის ყვარლის ტბასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 20-მდე ადამიანთან ერთად დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ, ხოშტარიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და ყვარელში პოლიციელების ქმედებები მოღალატეობრივად შეაფასა.

"რაც ჩვენ ვიხილეთ ყვარელში, ეს იყო პირდაპირ მოღალატეების მოქმედება, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას, ეცეკვა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, რასაც ხშირად აკეთებენ, შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს, ყველა დაღუპულ გმირს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამის შემდეგ, მათ ძალისმიერად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას, შესაბამისად, სრულიად შეგნებულად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იქნება სულ ასე - მე მივედი და დავუპირისპირდი პოლიციის თანამშრომელს, სრულიად შეგნებულად და ვითხოვდი ადვოკატის შეშვებას, ეს არის ის პასუხი, რომელსაც მიიღებენ ყოველ ჯერზე", - განაცხადა ხოშტარიამ.

გუშინ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად მისული ხოშტარია აქციაზე დააკავეს. დღეს მან იზოლატორიდან განცხადება გაავრცელა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ხოშტარიამ თქვა, რომ ეს არის მონური სასამართლო და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

გუშინ ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა - დილიდან სასტუმროს მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ დასავლური სანქციების ქვეშ მყოფი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი.

ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ ქორწილისთვის ჩამოსულმა რუსმა ოჯახმა, ტერიტორია დატოვა.

მოგვიანებით, ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის თანახმადაც, სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა, თუმცა თავად სასტუმრო ინფორმაციას არ ადასტურებს.


close დახურვა