logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: რუსეთი ოკუპანტია - ეს არაა საკმარისი, რომ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი

25 მაი 202322:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/25/urxc0iz0vrvdazz.jpg

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში მოსკოვში ვიზიტის მიზნებზე, რუსეთის პატრიარქთან დიალოგსა და საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს და რუსეთის ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ "ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი სახელმწიფოს 20%", ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირი გაწყდეს.

ევქარისტიული კავშირი ეკლესიებს შორის ლოცვით კავშირს გულისხმობს. 

მეუფე აცხადებს, რომ მისი წირვაში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას ეთანხმება და მას "ამასთან საერთო არაფერი აქვს".

"რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამიტომ, მე მონაწილეობას ვიღებდი წირვაში და მე რუსეთის პატრიარქს მივულოცე ანგელოზის დღე და რა სიტყვები ვუთხარი, როგორ ვისაუბრეთ, თუ მქონდა მასთან ეს პირადი საუბარი - ეს შემიძლია, მოგიყვეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ფორმატში არა. მე შემიძლია გითხრათ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემი მონაწილეობა წირვაში არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას ვეთანხმები. ამასთან არაფერი საერთო არ მაქვს საერთოდ" – განაცხადა მან. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ის მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ოკუპანტი სახელმწიფოს ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს "არასაკმარისი მიზეზია".

"მე ვთვლი, რომ ეს არის ოკუპანტი სახელმწიფო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას არ ვაპირებთ ასეთი მიზეზის გამო, არასაკმარისი მიზეზია ქვეყნის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად, არასაკმარისი მიზეზია ომი ამ სახელმწიფოსთან. ეს ისტორიული რეალობაა - ბევრ სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოებთან ჰქონია ომი, მაგრამ ევქარისტიული კავშირი არ გაუწყვეტიათ" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე აცხადებს, რომ ეს ამგვარ წირვაში მისი მონაწილეობის პირველი შემთხვევა არაა და ის მოსკოვში, მაგალითად, 2008 წელსაც იყო.

რაც შეეხება რუსეთში მეუფე ნიკოლოზის ზოგად მიზეზებს, მისი თქმით მან ვიზიტი პატრიარქთან 2 თვის წინ შეათანხმა, თუმცა კონკრეტულად ამ წირვის შეთანხმება პატრიარქთან ვერ მოასწრო, "თუმცა აქვს უფლება, მიიღოს ეს შემოთავაზება [რუსეთში წირვის ჩატარების შესახებ]"

ვიზიტის მიზნებზე საუბრისას, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განმარტა, რომ რუსეთში მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ერთ-ერთი თანამედროვე სასულიერო პირის მამა გიორგი კაჩუს წარდგენა, რუსი მართლმადიდებლებისთვის გაცნობა, ვინც წმინდანად უნდა შეირაცხოს.

გარდა ამისა, მისი მიზანი იყო, ამაღლების დღეს წირვა ჩაეტარებინა ქართულ ეკლესიაში, "რომელიც რამდენიმე საუკუნეა მოქმედებს რუსეთში და დღესაც ქართველები აქ დადიან" და ასევე მოენახულებინა ცნობილი რესტავრატორის ადოლფ ავჩინიკოვის ფრესკების ასლების გამოფენა, სადაც მათ შორის იმ ქართული ფრესკების ასლებიცაა წარმოდგენილი, რომელთა ორიგინალებიც აღარ არსებობს.

"ჩემი მიზანია, რომ რამენაირად ეს ასლები საქართველოში მოხვდეს. ეს იყო სამი მთავარი მიზანი" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, ის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში არცერთ საჯარო მოხელეს არ შეხვედრია, მეუფე კირილეს კი შეახსენა მისივე განცხადება, რომ "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია არის ხელშეუხებელი".

ფორმულასთან ინტერვიუში მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ რუსეთის პატრიარქთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "აფხაზეთი ჩვენთვის მოუშუშებელი ჭრილობაა".

ფაჩუაშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ „რუსეთს უნდა ველაპარაკოთ“ და ამ ვიზიტის მიზანიც ისაა, რომ წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ეკლესიებს შორის კავშირი არ გაწყდეს.

"მე უბრალოდ ჩემს ქადაგების მოვალეობას ვასრულებ. მე ამ მიზნით ვარ აქ ჩამოსული, რომ რაღაც გარკვეული წვლილი შევიტანო, მცირედი, რა თქმა უნდა, იმაში რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არ გაწყდეს საბოლოოდ კავშირი, რომ შეიძლებოდეს მათთან ლაპარაკი. მე ვთვლი, რომ ჩვენ მათ უნდა ველაპარაკოთ" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, ისაუბრა თუ არა რუსეთის პატრიარქთან ქართველმა მეუფემ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ ამის შესახებ "წუხილი არ გამოუხატავს" და საკუთარ თავს ვერ მისცემს უფლებას, შეაფასოს "რას აწარმოებს და როგორ დანაშაულებს სჩადის სახელმწიფო და მისი მეთაური", რადგან "ეს პოლიტიკური შეფასებებია".

"არაფერი წუხილი არ გამომიხატავს, მე წუხილს გამოვხატავ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო... რუსეთის სახელმწიფო რას აწარმოებს და როგორ დანაშაულებს სჩადის სახელმწიფო და მისი მეთაური, ეს ცალკე საკითხია და მე პირადად ჩემს თავს ამის შეფასების უფლებას ვერ მივცემ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური შეფასებებია. რაც შეეხება რუსეთის პატრიარქს, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ის მიიჩნევს, ამ ტერიტორიას თავის კანონიკურ ტერიტორიად" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, მეუფე კირილე ომს მხარს არ და ვერ დაუჭერს, რადგან თავადვე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რუსეთის კანონიკურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და რომ კირილე რუსეთის კანონიკურ ტერიტორიაზე "ვერავითარ შემთხვევაში ვერ აკურთხებს ომს".

***

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა. 24 მაისს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ამ დღეს ასევე აღნიშნავენ სლავური დამწერლობისა და კულტურის, ასევე, პატრიარქი კირილეს სახელობის დღეს.

რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ წარმომადგენლები იყვნენ ოთხი ეკლესიიდან - ანტიოქიის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო, სერბეთის საპატრიარქო, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქო.

ლიტურგიას ასევე დაესწრნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, მოსკოვის მერიის წარმომადგენლები, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და რუსეთის რეჟიმის სხვა წარმომადგენლები. 

ლიტურგიის დროს პატრიარქმა კირილემ რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა