logo
ENG



"მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს" - საპატრიარქოს განცხადება

12 იან 202400:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/12/8adqbw9azn8alrp.jpg

საქართველოს საპატრიარქო სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე გამოსულ იოსებ სტალინთან დაკავშირებით მორიგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, "პროტესტის მშვიდობიან ფორმას არ გასცდნენ".

"ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავისი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება.

ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული.

შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს. 

ხატების, სიწმინდეების და ზოგადად ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.

მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და  ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

***

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხესსაღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გუშინ, 10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 


close დახურვა