თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პუტინის განცხადებაში გაკვირვება განპირობებული იყო იმით, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას აპროტესტებს ხალხი, ვინც ამას ითხოვდა.
"პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო, უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან [დაკავშირებით], მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებს ის ხალხი, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა.
ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა. არ გაუპროტესტებია ვიზების მოხსნა. ეს როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო", - ამბობს კალაძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე საუბრობდა, რეალურად ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა. პუტინის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილიც - მისი თქმით, აქვს "განცდა", რომ რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე რეალურად სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.