logo
ENG



ლაიენი: ომის მიზეზები განიხილებოდა, რუსეთი უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რომ რუკიდან წაეშალა

31 მაი 202314:14
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე ისაუბრა. სავარაუდოდ, ევროკომისიის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, გაანადგუროს მშვიდობის საქმე, რომელიც ერთად შევქმენით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რკინის ფარდის დაცემის შემდეგ. ეს არის ამ ომის საწყისი. როგორც მესმის, აქ ამ ომის მიზეზები განიხილებოდა, უფლება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი რუსეთმა დაიწყო. ის უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რომ ქვეყანა რუკიდან წაეშალა. რუსეთი უარს ამბობს მიიღოს უკრაინა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა უკრაინელების ნებამ, ებრძოლათ და ყოფილიყვნენ თავისუფლები, გააოგნა მთელი მსოფლიო. უკრაინელებმა მტკიცედ იციან თავისი ადგილი და უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იყო უკრაინისკენ ევროკავშირისკენ სვლის არქიტექტორი, ეს მათ არაერთხელ დაადასტურეს სიმამაცით და თავდადებით. ჩვენ ვერასდროს შევედრებით უკრაინელების თავდადებასა და სიმამაცეს", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა. 

გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.

"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.


close დახურვა