logo
ENG



ბექა გრიგორიადისმა რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ პარლამენტთან კარავი გაშალა

03 ივნ 202323:09
3 წუთის საკითხავი
clock 1117

მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა პარლამენტის უკან რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ კარავი გაშალა.

ადგილზე აქტივისტებიც იმყოფებიან, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს და მის მამას სოლიდარობას უცხადებენ. ისინი ახალგაზრდა კაცის გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ბექა გრიგორიადისმა ფორმულასთან საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და პოლიციის ქმედებებიც ამისკენ არის მიმართული.

"ჩემი მთავარი მოთხოვნა არის ჩემი შვილის თავისუფლება. მაგრამ ვინმემ რამე რომ არ იფიქროს, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, თუ ჩვენ სასამართლოს გავათავისუფლებთ კლანის წევრებისგან და შევქმნით ნორმალურ სასამართლოს, ჩემი ხელით მივიყვან ჩემ შვილს და გავასამართლებ, არ გავურბივარ. ინსტიტუტია გასამართი.

გეტყვით რატომ ძალადობს მილიცია, პოლიციას არ ვიტყვი, ამ ინსტიტუტსაც აბანძებენ საერთაშორისო დონეზე, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ავცდეთ. რაში სჭირდებათ აბა ეს? რომელი დასავლური ქვეყანა მოუწონებს, რომ პარლამენტის წინ არბევენ ბავშვებს?! ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა გააბანძონ, არ მივიღოთ სტატუსი და დავრჩეთ რუსეთის ხელში. ლაზარეც რუსულ კანონს შეეწირა. მარტის აქციებზე ახალგაზრდებმა გაიმარჯვებს. ათასობით ახალგაზრდას შევხვდი ამ დღეებში და გაოცებული ვართ მათი განათლებით და ხედვით", - თქვა ბექა გრიგორიადისმა.

პარლამენტის უკან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიცია და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოსთან საზოგადო მოღვაწეები და აქტივისტებიც იმყოფებიან.

***

1-ელ ივნისს პარლამენტთან მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლის დროს დააკავეს. ის დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

გრიგორიადისი კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.


close დახურვა