logo
ENG



ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

04 ივნ 202300:14
3 წუთის საკითხავი
clock 4496
2023/06/04/47tk8gzck7rfapc.jpg

ახალციხის სოფელ წყალთბილაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა. 60 წლამდე კაცი უბნის ექიმი იყო.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მან სამედიცინო დაწესებულებას სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დაგვიანებით მიმართა. პაციენტი ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წელს ინფექცია 8 ადამიანს დაუდასტურდა - ისინი მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდნენ. რეგიონში ინფექციით პაციენტი გასულ წელსაც გარდაიცვალა.

***

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას - 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი - 13-14 დღე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს სიმპტომები შემდეგნაირია: ადამიანებში დაავადების სიმპტომების დაწყება ხდება მოულოდნელად შეცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39-40°С–მდე აწევით, კუნთების და თავის ტკივილით, ტკივილით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, დიარეით. ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ ნაწლავის ტრაქტი). დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. ზოგადად სიკვდილიანობა 30-40 %-ია. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან. 

 

 

close დახურვა