logo
ENG



დევინი: საქართველოს თანხვედრა EU-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უკიდურესად დაბალია

08 ივნ 202314:34
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე 12 რეკომენდაციის მხრივ, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილა.

დევინმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, ქმედებები თუ განცხადებები დამაზიანებელია.

მან ქართული ოცნება გააკრიტიკა სასამართლო რეფორმის ევროინსტიტუტბთან კონსულტაციის გარეშე მეორე მოსმენით მიღებისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას კი "მეგობრების დანიშვნა" უწოდა.

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარის წესის არჩევაში შესატანი ცვლილებები გააღრმავებს არსებულ უთანხმოებას.

"მიუხედავად იმისა, სასამართლოს ყოვლისმომცველი და ამბიციური რეფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს მთავარი სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ერთიანობას და ასევე, მყარი საარჩევნო კანონმდებლობა არის უმნიშვნელოვანესი. ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ ყველაფერს და პირველ რიგში, სასამართლოს შესახებ კანონის გადახედვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს კანონი მიიღო პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მეორე მოსმენით ევროინსტიტუტებთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, არ მოუმართავთ ვენეციის კომისიისთვის, არსებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

მ ჩანაწერებით ვერ შესრულდა მთავარი, გადამწყვეტი მნიშვნელობის რეკომენდაცია. პირველი - სასამართლო რეფორმა და ასევე, ვაკვირდებოდით პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის არჩევას, რომლებმაც ჩვენი აზრით, არ უნდა მიიღოს მეგობრის დანიშვნის ფორმა. შერჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და დამსახურებების მიხედვით. დასანანია ასევე, საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა. ვგულისხმობ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს. მიგვაჩნია, რომ ეს გააღრმავებს არსებულ შეუთანხმებლობას, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და ასევე, ეუთო/ოდირის შეფასებას.

ჩვენ მოვუწოდებდით, არ მიეღოთ მონაწილეობა ნაჩქარევი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ევროკავშირთან და ასევე, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან"- თქვა დევისმა.

მან ასევე ისაუბრა რუსულ კანონზე და თქვა, რომ მისი გაწვევა პოზიტიური იყო და იმედი გამოთქვა, რომ "ეს ნეგატიური თავი დაიხურა".

ლუკ დევინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არასდროს უთხოვიათ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა, თუმცა ფრენების აღდგენას "დასანანი" უწოდა.

გარდა ამისა, დევინის განცხადებით, წელს საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უკიდურესად დაბალია (28%) მაშინ, როდესაც ზოგიერთი კანდიდატის თანხვედრა 100%-ს შეადგენს.

"უფრო დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ძლიერ, ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებსაც აჟღერებენ ქართული ოცნების ლიდერები, რომლის სამიზნეა საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წევრები.

ჩვენ არასდროს, არც ახლა და არც წარსულში, არ გვითხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა, ის რაც ვნახეთ - რუსეთთან ფრენების აღდგენა მაშინ, როდესაც ევროკავშირმა გააუქმა ეს ფრენები რუსეთის იზოლაციის გამო, ეს გადაწყვეტილება დასანანია.

ასევე, ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოში დაშვება. გვწამს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციებისთვის თავის არიდების ადგილი. სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან არის უკიდურესად დაბალი. გასულ წელს ეს იყო 44%-ზე ნაკლები, წელს მხოლოდ - 28%. შედარებისთვის, ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი არის 100%"- აცხადებს დევინი.


close დახურვა