საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ცნობით, სუროგაციის შესახებ კანონი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვისაც დონორობა სურს, "უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე" უნდა მოქმედებდეს.
"2024 წლის პირველი იანვრიდან იზღუდება არასაქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც სხვადასხვა რეპროდუქციული მეთოდით ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია, ასევე, ყველა ამ პროცესთან დაკავშირებული - დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ და ეს თუ შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა და საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების, ვტოვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ეს პარლამენტს გაეგზავნება უკვე მიმდინარე კვირაში და ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.
[...] ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც, ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და, მხოლოდ და მხოლოდ, შეუძლია, მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს", - განაცხადა მან.
საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სუროგაციის აკრძალვას პროპაგანდისტული მიზნებით აპირებს. ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა კამპანიური მიზნებისთვის გააქტიურა.
აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირაკლი ღარიბაშვილმა ჰომოფობიური მოტივი დაასახელა და თქვა, რომ "არ არის ცნობილი, სად მიჰყავთ ეს ბავშვები, შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ".