logo
ENG



მდინარაძე: დეოლიგარქიზაციის კანონში ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი ჩაიწერება

12 ივნ 202319:30
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: დეოლიგარქიზაციის კანონში ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი ჩაიწერება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი ჩაიწერება, თუმცა მისი თქმით, თუ ევროკომისიაა ამ საკითხს მოხსნის, კანონს არ აამოქმედებენ.

"მოგეხსენებათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით, 6-ვე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული, როგორც მოხდა კანონში ასახვა მათი რეკომენდაციების და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ თავისი არსით ევრო რეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ ახლა მსჯელობა და დამატებით რაღაც სიმულაციები რომ არ მოჰყვეს ამას, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე:

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი და იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, ევროკომისია წელს, წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, მოხსნის ამ საკითხს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში, პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, გამარტივებული წესით, საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან, აქ არანაირ და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა.

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი, განხილვა აღარ გაგრძელდა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

14 მარტს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა, შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.

"რისკია, მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდეს" - რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.


close დახურვა