logo
ENG



დოლიძე: არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტი, რაც კინოცენტრში ხდება, დაუშვებელია

13 ივნ 202315:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/13/pt101sgrahiyz5t.jpg

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც ხელისუფლებისადმი მხარდაჭერილი განცხადებებით გამოირჩევა, ამბობს, რომ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები დაუშვებელია. მისი თქმით, არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება. 

"არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს. რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს", - თქვა დოლიძემ ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს.

კინოცენტრში კინემატოგრაფები არიან შეკრებილნი და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვენ. ისინი აპროტესტებენ რეორგანიზაციას და პროცესების პოლიტიზებაზე საუბრობენ. 

კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

დღეს, 13 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მისივე თქმით, კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება." 


close დახურვა