პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი ამბობს, რომ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი კინემატოგრაფებს არ ხვდება და არ იციან, რა არის კინოს განვითარების მისეული ხედვა. ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ჩართვის დროს მაჭავარიანი ამბობს, რომ კობა ხუბუნაია თანამდებობისთვის შეუფერებელია.
"როცა კინოცენტრში ინიშნება დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კანონით მას უნდა ჰქონდეს კინოს განვითარების ხედვა, კულტურული პოლიტიკა. ეს ადამიანი გვეუბნება, რომ უნდა გაერკვიოს და შემდეგ შეგვხვდება. ამ გარკვევაში იკარგება უამრავი დრო. ჩვენ ყოველდღე ვართ აქტიურ მუშაობაში, ვიღებთ ფილმებს, ვეძებთ დაფინანსებას, ჩამოგვაქვს უცხოური კინოპროექტები, ეს ყოველი წუთი არის დიდი ზარალი. აქედან გამომდინარე, თუ მოდის კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, უკვე გარკვეული უნდა იყოს".
ის, ასევე, გამოეხმაურა კინოცენტრში პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარიას დანიშნავს:
"კულტურის პოლიტიკის დღევანდელი სახე გახდა ბაჩო ოდიშარია. მადლობა მას, რომ მოვიდა სამსახურში, რადგანაც დააჩქარა გამოფხიზლების პროცესი, რომელიც ჩვენს სფეროს სჭირდებოდა".
მაჭავარიანი მიმართავს კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებს და მათ თანადგომისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი კინოცენტრის დამფუძნებლებს. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება კულტურის სფეროს "გათიშვას" ცდილობს, რის შემდეგაც ქვეყნის მართვა უფრო მარტივი იქნება.
"ჩემი აზრით, ზოგადად თავისუფალი აზრი, პროტესტი და სწორი გზით სვლა კულტურასთან იყო კავშირში და კულტურის სფეროები იწყებდნენ დამოუკიდებელი აზრის გამოხატვას ყველა ქვეყანაში და ძალიან ჭკვიანურია ის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რომ უნდათ გათიშონ კულტურის სფერო, რადგან შემდეგ უკვე მარტივი იქნება ქვეყნის მართვა. ეს არის ერთ-ერთი მთავარია, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა მიზეზი აქვს იმ მოძრაობას, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში".
კინოცენტრში კინემატოგრაფები არიან შეკრებილნი და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვენ. ისინი აპროტესტებენ რეორგანიზაციას და პროცესების პოლიტიზებაზე საუბრობენ.
კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
დღეს, 13 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მისივე თქმით, კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."