logo
ENG



დეოლიგარქიზაციაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ევროკომისია იზიარებს - EU-ის სპიკერის პასუხი

14 ივნ 202320:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/111bfwnmks668wn.jpg

ფორმულას კითხვის საპასუხოდ ევროკომისია აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს იზიარებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, პერსონალურის ნაცვლად, სისტემურ მიდგომას მიმართონ.

"ევროკომისიამ არაერთგზის განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების ყველა პუნქტს სჭირდება განხორციელება. შესაბამისად, ევროკომისია ასევე მხარს უჭერს 13 მარტსა და 12 ივნისს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს დეოლიგარქიზაციაზე - განსაკუთრებით იმას, რომ უნდა გამოიყენონ სისტემური მიდგომა, პერსონალური მიდგომის ნაცვლად. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ორივე მოსაზრებაში ვენეციის კომისია აფრთხილებს, რომ პერსონალური მიდგომა, დიდი ალბათობით, იქნება არაეფექტური და "რისკი, რომ ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს".

ევროკომისია რეგულარულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიჰყვნენ სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია ხაზგასმული. მსგავსი მიდგომა უნდა ფარავდეს არაერთ საკითხს, როგორებიცაა საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების, არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, კონკურენციის პოლიტიკას, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლას, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის გაძლიერებასა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობას და ბევრ სხვას. მართლმსაჯულების ძირფესვიანი რეფორმა ამ კომპლექსური პრიორიტეტის განხილვის განუყოფელი ნაწილია.

ეს პრიორიტეტი საქართველოსთვის ძალაში რჩება და მის ევროინტეგრაციის გზაზე მიხედვას საჭიროებას. ევროკომისია ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს", - აღნიშნა EU-ის სპიკერმა ფორმულასთან.

12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა - ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი, რადგან მასში შეტანილი ზომები, მათ შორის პერსონალიზაციის მიმართულებით, ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი არის რისკი, ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად კონკრეტული რეფორმები გაატარონ.

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.


close დახურვა