logo
ENG



ვოლსკი: ან რუსეთში ვინ ეკითხება პოზნერს რამეს, ან - ისრაელში

15 ივნ 202312:34
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ის მოქალაქეს ესაუბრება, "რომელიც საქმის კურსში არაა, საქართველოში რა ხდება". მისივე თქმით, ჟურნალისტს ვლადიმირ პოზნერს რუსეთში აზრს არავინ ეკითხება.

"რაც შეეხება ჩემს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიურ დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის, რომელიც გამოყენებული გყავთ პროპაგანდაში ყოფნის მიუხედავად, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემთვის არ არის სასიამოვნო, კვერცხებით დევნა არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ერსა და ნაციას გააჩნია. რაც შეეხება ოკუპანტსა და რუსეთის ინტერესებს, ძალიან ბევრი ინტერესი გატარებული აქვს ნაცმნოძრაობას თავისი ტელევიზიებით, თქვენი ჩართვით და დღესაც იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, 90 წლის პოზნერთან დაკავშირებით რა კომენტარი ჰქონდა დაჩეხილი, მით უმეტეს, ამერიკის მოქალაქესთან ზურა აბაშიძეს, ეს უკვე მეოცეხარისხოვანია. [...] ვინ ეკითხება პოზნერს, ან რუსეთში ვინ ეკითხება რამეს, ან ისრაელში ვინ ეკითხება რამეს", - ამბობს ვოლსკი.

ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე ურეკავს და მომხდარის გამო წუხს. აუდიჩანაწერებს Cyber Kmara ავრცელებს, თუმცა მათი ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

ჩანაწერების თანახმად, ზილბერკვიტი ერთ-ერთია, ვინც თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული - ზურაბ აბაშიძის თქმით, საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ საქმეში არასათანადოდ ჩაერია. ის რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს "ზონდერებს", "პროვოკატორებსა" და "ნაცისტების დაჯგუფებას" უწოდებს. მისი თქმით, ეს ადამიანები "სააკაშვილის მიერ იყვნენ დაფინანსებულები".

აუდიოჩანაწერების მიხედვით, ზილბერკვიტი აბაშიძეს სთავაზობს, რომ მოგვიანებით დაურეკოს და თავად პოზნერს გაესაუბროს ამ საკითხზე. ჩანაწერების თანახმად, სატელეფონო საუბარი შედგა აბაშიძესა და პოზნერს შორისაც - რუსი პროპაგანდისტი ზურაბ აბაშიძეს ეუბნება, რომ მომხდარზე "არ ღელავს" და მეტიც, თავისი დაბადების დღის აღნიშვნას მოსკოვში, ქართულ რესტორანში აგრძელებს.

***

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 2021 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას. 

მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა მეორე დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა