აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა.
რიჟვაძე ანგარიშის წარდგენისას აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადის ზრდასა და, მათ შორის, რუსი ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობდა. მისი თქმით, 2019 წლის შემდეგ ვიზიტორთა რიცხვი და მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია.
მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".
"საუბარი შეეხო, რომ რეგიონში და განსაკუთრებით ბათუმში მომატებულია ტურისტული ნაკადები. დიახ, მომატებულია. ყველა აბსოლუტური რიცხვით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, რომელიც არის პანდემიამდე არსებული, საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია, როგორც ტურისტების, ვიზიტორების რაოდენობა ასევე შესაბამისად, შემოსავლების მოცულობაც. მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის, იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა... აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რიჟვაძის განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით 2008 წლის ომში მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა.