ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მას "პატრიარქსა და ეკლესიაზე შეურაცხყოფის გამო მოხვდა".
შაქარიშვილმა ეს პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული. ადგილზე იმყოფებოდა ხელისუფლების პროპაგანდისტი POSTV-ც.
"ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად(ტრენინგის ჩასატარებლად). გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი. ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება", - წერს ის.
დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ანა ყურაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
ამასთან, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა და გაურკვეველ სიტყვებს ყვირიან.
გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისმის, რომ გაურკვეველი ჯგუფის წევრები ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი.
პარტიის ცნობით, გამოძახებული ჰყავთ პოლიცია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ იმყოფებიან.
გირჩი - მეტი თავისუფლება პარტიის ლიდერსა და მათ ბანაკზე თავდასხმას ქართული ოცნების დისკრედიტაციულ კამპანიას უკავშირებს.