logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სააკაშვილის ფაქტორი

18 ივნ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

"ბოლო წვეთი იყო მოღალატეების აღლუმი, რომელიც აჭარის უზენაეს საბჭოში ვიხილე. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში. მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას - ნაციონალურ მოძრაობას” - ეს პატიმარი

სააკაშვილის სიტყვებია, რომელმაც ამგვარად ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ შემოსვლა დააანონსა. წარმოუდგენელია, იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, პატრიოტმა ადამიანმა თვალი პასიურად მიადევნოს. ამდენად, სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია. მთავარი ისაა, მიშას ეს ნაბიჯი რა გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე და წაადგება თუ არა ოპოზიციის სტრატეგიულ ამოცანას, რაც ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დამარცხებასა და ფაშისტური რუსეთის გავლენების აღმოფხვრაში უნდა გამოიხატოს.

ზოგადად, პოლიტიკურ მოედანზე, მოსახლეობასთან ფართო მოჭიდების, მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და გავლენის მქონე მოთამაშის შემოსვლა თავისთავად ცუდი არ არის. თუმცა, პოლიტიკაში კარგი და ცუდი გადაწყვეტილებები არ არსებობს. პოლიტიკა სტატიკური მდგომარეობა არაა და შედეგს თითოეულ შემთხვევაში ცვალებადი კონტექსტი და ახალი გარემოებები განაპირობებს, რაც აჩენს შესაძლებლობებს როგორც ოპოზიციის გასაძლიერებლად და გასააქტიურებლად, ისე მოსახლეობაში კულტივირებულ შიშებზე დაფუძნებული სახელისუფლებო პროპაგანდისთვისაც.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის ეს განაცხადი, რომელიც პატიმრობისა და შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად კვლავ რჩება ქართული პოლიტიკური სივრცის გამორჩეულ ლიდერად, უდავოდ დადებითად აისახება ნაციონალურ მოძრაობის პარტიული რესურსისა და მისი ამომრჩევლის კონსოლიდაციაზე. ამასთანავე ნათელი და საბოლოო პასუხია გაცემული კითხვაზეც -თუ ვინ არის პარტიის არათუ საპატიო, არამედ ნამდვილი ლიდერი.

სააკაშვილის ამ ნაბიჯს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ოპოზიციურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ზემოქმედების კუთხითაც. როდესაც უმსხვილესი პოლიტიკური მოთამაშე, ახლა უკვე გაცხადებულად ბრუნდება მოედანზე, რაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის კიდევ უფრო გაძლიერებას და გააქტიურებას მოასწავებს, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს გაუმძაფრებს მოტივაციას, რომ დროულად შექმნან ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ან ცენტრები, რომლებიც როგორც ოცნებისგან, ისე მიშასგან იქნებიან დისტანცირებულნი, ამ პოლუსებს მიღმა მყოფ ამომრჩეველს მიწვდებიან და რუსული რეჟიმის დამარცხებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ.

ამ ცვლილებას ბუნებრივია ექნება გავლენა საგარეო ასპარეზზეც. დასავლეთში, მიშასადმი სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს, რომელსაც რუსეთთან შერიგების და უკრაინის ომის გაყინვის მოლოდინი ჯერ კიდევ აქვს, შესაძლოა რთულად მართვადი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიშები გაუმძაფრდეს. თუმცა, მეორე, უფრო დიდი ნაწილისთვის, რომელიც დღეს დასავლურ პოლიტიკას განსაზღვრავს, ომში უკრაინის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს, რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად და საქართველოს დასავლურ ორბიტაზე დასაბრუნებლად, ქართულ პოლიტიკურ ველზე მსხვილი და ეფექტური მოთამაშეების დეფიციტის პირობებში, სააკაშვილის გააქტიურება, გარკვეული დათქმებით, მათ შორის კოალიციური დემოკრატიული მმართველობის გარანტიებით, მისაღები და მისასალმებელიც შეიძლება იყოს.

აქვე, კრემლი და ადგილობრივი რეჟიმის პროპაგანდა დაიწყებს იმის უფრო აქტიურად მტკიცებას, რომ “გლობალურმა ომის პარტიამ” მორიგი სპეცოპერაცია წამოიწყო და უკრაინის კონტრშეტევის პარალელურად სპეციალურად შემოიყვანა მოედანზე სააკაშვილი, რომ აქ ,,მშვიდობა დაირღვეს და საქართველო ომში ჩაერთოს".

სკეპტიკოსები კი არ დაიღლებიან იმის მტკიცებით, რომ სააკაშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოსვლით საფრთხობელას როლი ითამაშა და საკუთარი ამომრჩევლის მოტივირებაზე მეტად ოცნების ამომრჩევლის მობილიზაცია და გახარიას ხმების უკან - ივანიშვილთან მიდინება გამოიწვია, რაც სიმართლესთან ახლოსაა. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს, უკრაინაში ომის და მიშას პატიმრობის პარალელურად ვითარება საგრძნობლადაა შეცვლილი. გარდა იმისა რომ ჯანმრთელობაშერყეული სააკაშვილი ისე საშიშად აღარ გამოიყურება, როგორც წლინახევრის წინ, დღეს როდესაც ოცნების ხელისუფლება კრემლის ბრძანებების პირდაპირ შემსრულებლად იქცა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკვე მეორედ ვკარგავთ და ნატოს სამიტზე, საქართველოს ისტორიაში პირველად, პრემიერმინისტრი ფიზიკურადაც კი არ არის წარმოდგენილი, ქვეყანაში რეპრესიები ქუჩებსა და უნივერსიტეტებში ღიად დაიწყო, მიშასთან დაკავშირებულ შიშებს უკვე ბევრად აჭარბებს ხელისუფლებაში ივანიშვილის უვადოდ დარჩენისა და ამ ქვეყნის რუსეთის ნაწილად ქცევის რეალური საფრთხე.

და ბოლოს, სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში, ანგარიშგასაწევი ელექტორალური წონის ორი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერია: ივანიშვილი და სააკაშვილი. რომელიმე მათგანს რომც სურდეს პოლიტიკიდან წასვლა-გარიდება, მათი გავლენებისა და რესურსების მასშტაბებიდან გამომდინარე, თავად ქართული პოლიტიკა ვერ მოახერხებს მათგან დისტანცირებას მანამ, სანამ რომელიმე მათგანი საბოლოოდ არ დამარცხდება. ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის კი ყოველთვის უმჯობესია ფაქტობრივი ლიდერების მხრიდან ღია და საჯარო პოლიტიკური აქტივობა. სააკაშვილის ნაბიჯმა შესაძლოა აუცილებლობა გააჩინოს, გარკვეულ ბიძგი მიცეს ივანიშვილსაც, გამოვიდეს სამალავიდან, აიღოს პასუხისმგებლობა და ღიად და პირდაპირ, საჯარო პოლიტიკურ ველზე შეერკინოს სააკაშვილს და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს. რაც პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ გააჯანსაღებს.

მოხდება თუ არა ეს ასე, დღეს რთული სათქმელია. თქმით ამ დღეებში ბევრი ითქმება: რომ თუ ასე ძალიან ცუდად იყო - რატომ არ მოკვდა? დაბრუნება რას ნიშნავს, როცა არც არსად წასულა? დაგვანებონ თავი ძველებმა და ახალი პოლიტიკა ახლებმა უნდა აკეთონ! წარსულსა და აწმყოს შორის მომავლის არჩევანი ვერ გაკეთდება! რანაირად მიიღებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, როცა მოქალაქეობა არ აქვს?! და კიდევ ბევრი რამ.. ყველა ამ კითხვას ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია, მაგრამ მე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს - რამდენად იქნება მიხეილ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება თანმიმდევრული და რამდენად ეყოფა თავად მას ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური რესურსი იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობით და დღეს მისი ნაბიჯის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ოპოზიციურ ჯგუფებთან და ლიდერებთან თანამშრომლობით, რუსული რეჟიმისგან საქართველოს დახსნის ისტორიულ მისიას გაუმკლავდეს.

 

close დახურვა