logo
ENG



"არაადამიანური მოპყრობაა" - ყოფილი მოსამართლე სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებზე

19 ივნ 202322:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/19/76u7cy495n90uy3.jpg

7 ნოემბრის საქმეზე კოლეგიის ყოფილი წევრის, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხეში გადაყვანის კადრებში სააკაშვილს "არაადამიანურად ეპყრობიან". ამაზე ორკოდაშვილმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

"ეს მარტო სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, საშინელი დამნაშავე და მკვლელიც რომ ყოფილიყო, ასეთი მოპყრობა მიმაჩნია, რომ არაადამიანური მოპყრობაა"- თქვა ორკოდაშვილმა.

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მოეპყრნენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს არაადამიანურად, ყოფილმა მოსამართლემ თქვა: "კი, ნამდვილად. მისი გადმოყვანა როგორც აჩვენეს..."

ამასთან, ორკოდაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის გადაყვანის ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა.

"ამ საკითხზე არ ვიცი, ჩატარდა თუ არა მოკვლევა და გამოძიება, მაგრამ შეიძლებოდა, რომ ცალკე საქმე აღძრულიყო. მართალია, თვითონ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ მის მიმართ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არასწორ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გარკვეულიყო და გამოძიებულიყო"- თქვა ყოფილმა მოსამართლემ.

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი, ორკოდაშვილი ამბობს, რომ ის ყოფილი პრეიზდენტის ერთ-ერთი საქმის განმხილველი მოსამართლე იყო და აზრის გამოთქმისგან თავს შეიკავებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე კოლეგიის წევრი იყო. მას 65 წელი შეუსრულდა და პენსიაზე გავიდა, რის გამოც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გადაიდო. 

2021 წლის 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა. 

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

2021 წლის 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.


close დახურვა