logo
ENG



ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ყოფილა

19 ივნ 202323:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/ql6a9dd5knb1rsg.png

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლედ ყოფნის დროს ზემდგომმა თანამშრომელმა მის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა სცადა. ამ საკითხზე ყოფილმა მოსამართლემ სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა ისაუბრა.

წამყვანი დაინტერესდა ჩარეულან თუ არა მის პროფესიულ საქმიანობაში სხვა პირები, როგორც ეს სოფო ზურაბიანის თქმით, სხვა ყოფილი მოსამართლეების პრაქტიკაში მომხდარა.

ორკოდაშვილმა "კომუნიკატორის" ვინაობა არ დაასახელა, რადგან მისი აზრით, ისიც "მართული იყო". მან ასევე არ დააკონკრეტა თუ რომელ საქმეში ცდილობდნენ ჩარევას, თუმცა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვისას მსგავსი მცდელობა არ ყოფილა.

"ერთი-ორჯერ იყო მცდელობა, ვითომ რაღაცის თქმის და რაღაც, მაგრამ მე რომ ვუთხარი - "ამ საკითხზე მეორედ აღარ დავილაპარაკებთ" და იციან, როგორი ჯიუტი კახელი ვარ... ერთ-ერთი ზემდგომი თანამშრომლისგან... არ მიყვარს კონკრეტული პირების დასახელება. იცით რატომ? თვითონ ისინიც მეცოდებიან იმიტომ, რომ მგონია, თვითონ ისინიც მართულები არიან. სახეზე იმ ადამიანს მაშინ შევატყვე, რომ ერთი სიკვდილი გამოიარა, სანამ მეტყოდა", - თქვა ყოფილმა მოსამართლემ.

კითხვას - იყო თუ არა საქმე, რომელშიც ჩარევა სცადეს პოლიტიკურად სენსიტიური, ყოფილი მოსამართლე ასე პასუხობს: "ნუ, დიდი არაფერი, რომ გითხრათ სიმართლე".

***

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე კოლეგიის წევრი იყო. მას 65 წელი შეუსრულდა და პენსიაზე გავიდა, რის გამოც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გადაიდო. 


close დახურვა