logo
ENG



რიჟვაძე კვლავ ამტკიცებს, რომ ომზე განცხადება არა ჯარისკაცებს, არამედ სააკაშვილს ეხებოდა

22 ივნ 202312:05
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კვლავ ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე მისი განცხადება არა ჯარისკაცებს, არამედ "სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნოდა".

აჭარის მთავრობის სხდომაზე რიჟვაძემ თქვა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული.

"ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს და სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი და ბოლოს, ნებაყოფლობით განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა", - თქვა რიჟვაძემ.

15 ივნისს თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა

მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".

რიჟვაძის განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით 2008 წლის ომში მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა. 

კრიტიკის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყა და ქართველ ჯარისკაცებს "გმირები", მიხეილ სააკაშვილს კი ლაჩარი უწოდა. 

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიში მოითხოვეს.


close დახურვა