logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა ფიქრობს, რომ შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა

26 ივნ 202317:34
3 წუთის საკითხავი
clock 4781

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ფიქრობს, რომ მისი შვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა.

"დააშინეს და ათქმევინეს. რომ დაიჭირეს, მერე აღიარა. რა უნდა ვიფიქრო სხვა, თუ არა, რომ ზეწოლის შედეგად [აღიარა]? თავიანთი სტრუქტურის ადამიანი იყო და იმდენი არ იცოდა, რომ ტელეფონი შეეშალა? თამარ ბაჩალიაშვილზე რომ იყო საუბარი, არ იცოდა?

პერმანენტულ აქციებს გავმართავ და ყოველდღე მოვალ. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ სერგო შუბითიძის ჩვენების საფუძველზე თავიდან დაიწყონ გამოძიება და თავიდან აღიძრას საქმე", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. დღეს შუბითიძის ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა, შუბითიძე ბრალს აღიარებს.

შუბითიძის ადვოკატის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.

ადვოკატის თქმით, გარდა იმისა, რომ შუბითიძე ბრალს აღიარებს, ასევე ინანიებს, რომ ხელი დაადო საჯაროდ მის კოლეგებს, როგორც საქმის სავარაუდო გამყალბებლებს.

29 აპრილს, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.

საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.


close დახურვა