ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ძალადობის წახალისება ოპოზიციისა და მედიის საშუალებით ხდება. კობახიძის თქმით, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე მოძალადეებს "ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა, დააჯერეს, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია".
"პირველ რიგში, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, მეორე, რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს და ა.შ... ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს, აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ეს არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩაში, რუსთაველზე, დედას აგინებდნენ ადამიანებს, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან, როგორც გამოხატვის თავისუფლება. არამარტო ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ყველამ დაიჯერა, ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა დააჯერეს, რომ ეს ყველაფერი, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის ტყუილი. ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს უნდა შეიგნოს ყველამ. არავითარი კავშირი არ აქვს ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმთან", - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა ნინო წილოსანის განცხადებაზე, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ "წითელი ხაზია მოღალატისა და რუსეთუმეს ძახილი". ასევე, უმრავლესობის დეპუტატების ბოლოდროინდელ მუქარის შემცველ განცხადებებზეც, რომ "ვინც ოცნებას დაუძახებს რუსებს, ყველა მიიღებს პასუხს", რაზეც კობახიძემაც გააგრძელა უმრავლესობის წევრების რიტორიკა და თქვა, რომ "პასუხს მიიღებს ყველა".
"პასუხს მიიღებს ყველა, ვინც... ძალადობაზე არ არის საუბარი. პასუხს მიიღებს ყველა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პასუხს, ვინც ცდილობს საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ. კოლექტიური ნაცმოძრაობა თავისი უცხოელი პატრონებით, NGO-ებით ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია. მე შემიძლია თავი დავდო იმაზე, ვისაც ვეძახი აგენტს, შემიძლია თავი დავდო თითოეულ მათგანზე, რომ ისინი არიან აგენტები", - აცხადებს კობახიძე.
27 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პრორუსების დაძახების შემთხვევაში მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია ოპონენტებს პასუხს გასცემენ.
ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ვინც პრორუსს დაუძახებს, "ცხვირ-პირში მიიღებს". მამუკა მდინარაძემ კი დაიმუქრა, რომ "მოღალატის" დაძახების შემთხვევაში ოპოზიციას აგინებდა.