სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".
მოქალაქე აცხადებს, რომ მიმალვას არ აპირებს.
"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო" - წერს გუგეშაშვილი ფეისბუქზე.
ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პოსტის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა თავდამსხმელის დაკავების ან იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებენ.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.
წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.