logo
ENG



"მავანთ სწადიათ, რომ სარწმუნოება შეიძლება დაიცვა სიძულვილის ენით" - მეუფე საბას მიმართვა

03 ივლ 202312:48
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გმობს ძალადობას. მეუფე საბა მიუთითებს იმ სასულიერო პირების შეცდომებზე, რომლებიც "თითქოს სარწმუნოების დაცვას ცდილობენ სიძულვილის ენითა და შეურაცხყოფით".

მეუფე საბა წერს, რომ სარწმუნოების დაცვა არ უნდა მოხდეს სიძულვილის ენით და ეს მიუღებელია. ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქრისტოანობის დაცვა საკუთარი ცხოვრების წესით.

მეუფე საბას განცხადებით, ის, ვინც ქვას ისვრის მიდის ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამასთან, მეუფე საბა აღნიშნავს, რომ მიუღებელია განცხადებები, რომლებსაც ხშირად სასულიერო პირები აკეთებენ.

"მე ახლა ვიტყვი ჩემს სათქმელს რაც უნდა ვთქვა, მართალია პასუხი გაეცა ეპარქიის მხრიდან, მაგრამ მეც დავამატებ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში! სადაც თავმოყრილია მსოფლიოს ყველა ერი და ხალხი! ყველა კულტურის და რელიგიის წარმომადგენელი და ჩვენ აქ გვიწევს ასეთ პირობებში ცხოვრება!

ამავე დროს ჩვენ აქ გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნიების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ გონია მუშტების ქნევით?, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით! საკუთარი მაგალითის მიცემით! რადგან ჩვენ ვართ ნათელი ამა სოფლისა! და ჩვენ მოვალე ვართ მივცეთ მაგალითი სხვებს, ვუჩვენოთ სიყვარული სხვებს, ვუჩვენოთ საკუთარი სიწმინდით და ეკლესიის ტრადიციათა დაცვით საკუთარი სარწმუნიება, აი სწორედ მაშინ ვიქნებით ნათელი ამა სოფლისა! რომელიც დიახ, სხვებს და ყველას გაუნათებს გზას! და არა ისე როგორც მავანთ სწადიათ, რომ თითქოს მართლმადიდებლური სარწმუნიება შეიძლება დაცული იყოს სიძულვილის ენით ან სხვათა შეურაცხყოფით, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ადამიანი!

აი ამას ვერ იტანენ ჩემგან, ეს არ მოსწონთ ჩემში და ყველა სხვაში, ვინც ამბობს: ,,შეიძულე ცოდვა და არა ადამიანი!” აი მათ კი პირიქით, სძულთ ადამიანი და ადამიანები! აი ჩვენ, კი არ გვძულს ცოდვილი ადამიანები, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ სინანულისკენ! ნებისმიერ ადამიანს ვინც არ უნდა იყოს იგი! ყველას მოვუწოდებთ გულწრფელი სინანულისკენ ყველასთვის ღიაა ეკლესიის კარი! ყველას ელოდება ღმერთი ვინც გამოთქვამს სინანულს! მე პირობას ვდებ, მე არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ციდვილ ადამიანს და ვისაც ასე უნდა, ამ ქვის სროლა, მაშინ მას მოუწევს არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ იესო ქრისტეს წინააღმდეგ წასვლა! ასე რომ მან ისროლს ქვა ვინც უცოდველია!

სამწუხაროდ ასე იქცევა ზოგი ქრისტიანი და ჩვენ ვუსმენთ მათ, მათ სიძულვილის ენას და ეს სამწუხაროა!

ჩვენც გვეშლება სასულიერო პირებს, ხანდახან სოციალურ ქსელში ზედმეტიც მოგვდის, ესეც ხდება, ჩვენც შეიძლება შეგვეშალოს, მაგრამ ქვა? ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს! ჩვენც ადამიანები ვართ და ამისთვის შენდობას ვითხოვთ, მაგრამ მე არასდროს არ ვითხივ შენდობას იმისთვის რასაც მოძალადეებს ვეუბნები, რომ მათ არ აქვთ უფლება იძალადონ! მათ არ აქვთ უფლება შეურაცხყონ თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ აქვთ უფლება წინ აღუდგნენ ძალადობით რაიმე ცოდვას! არამედ ძვირფასო ძმებო და დებო ჩვენ ხელშია ერთადერთი იარაღი - საკუთარი ცხოვრება - სხვისთვის მაგალითის მიცემა საკუთარი ცხოვრებით! აი ეს არის ქრისტიანობა! ქრისტემ ხომ მაგალითებით გვასწავლა… მან ხოხ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხა?! მან ხომ მასზე მოწეულ ძალადობას ძალადობით არ უპასუხა?! არამედ ჯვარს ეცვა და მსოფლიოში ყველაზე დიდი უსამართლობა მას ხვდა წილად!", - წერს მეუფე საბა.

პრაიდის კვირეულის დაწყებასთან ერთად, როგორც სასულიერო პირების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურდა.

საპატრიარქომ 2 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათთვის მიუღებელია თბილისი პრაიდის კვირეულის გამართვა დედაქალაქში.

გარდა ამისა, საპატრიარქომ გააგრძელა პრემიერმინისტრის რიტორიკა და აღნიშნა, რომ დროულია, საზოგადოებას მოუწოდონ, რომ ამ "პრობლემის" საკანონმდებლო გზით დარეგულირებაზე იმსჯელონ. საპატრიარქოს აზრით, ქვეყანაში "გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა არ წყდება".

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პლენარულ სხდომაზე "ლგბტ პროპაგანდის" კანონმდებლობით მოწესრიგებაზე ალაპარაკდა. პარლამენტის ტრიბუნიდან მან მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ნარატივი გააგრძელა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე დებატები გაიხსნას. 


close დახურვა