პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მარტის აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეზე შსს სამართალდამრღვევად ცნო პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის და მას სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა.
ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"დაკავებული მოქალაქეების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო "შეტყობინება", რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები.
შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ "კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება". შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია უწყებაში მსგავსი პრობლემების სისტემური გადაწყვეტა. განმცხადებლების ინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საია წარმოადგენდა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში"- ნათქვამია განცხადებაში.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში ადმინისტრაციული წესით 133 ადამიანი დააკავა, 9 მარტს კი ყველა მათგანი გაათავისუფლა.