logo
ENG



აშშ-ის ყოფილი ელჩები სააკაშვილის მოპყრობის გამო ოცნებას მოსალოდნელ სანქციებზე აფრთხილებენ

11 ივლ 202311:28
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ნება დართოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" მკურნალობა მიიღოს. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები ოცნების მთავრობას აფრთხილებენ სააკაშვილის გამო მოსალოდნელ სანქციებზე.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი. განცხადებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციებმა Amnesty International-მა და Human Rights Watch-მაც აღნიშნეს და რასთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

ამასთან, ყოფილი ელჩები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ახსენებენ მაგნიტსკის აქტს. ისინი, ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საქართველოსა და შტატების მთავრობების თანამშრომლობას.

"ქართველი ლიდერები და ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, შეიძლება დაექვემდებარონ მკაცრ სანქციებს მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტის მიხედვით. ის უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს გაატაროს ეკონომიკური სანქციები და აშშ-ში შესვლა აუკრძალოს ნებისმიერ პირს, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაშია ჩართული. საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის სხვა თანამშრომლობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.

ეს კრიზისი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა დაუახლოვდეს NATO-ს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. ქართველების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს. სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობამ შეიძლება საქართველო დასავლეთს უფრო დააშოროს და არა დაუახლოოს", - აღნიშნულია წერილში.

ყოფილი ელჩები აცხადებენ, რომ ციხეში სააკაშვილის გარდაცვალება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პოტენციალის განხილვას.


close დახურვა