logo
ENG



NATO-ს წევრობა MAP-ის გარეშე, პირობები წევრობისთვის, დახმარების პაკეტი - კომუნიკე უკრაინაზე

11 ივლ 202321:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/nkp9vupf5o5mrtx.jpg

NATO ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ კომუნიკეს აქვეყნებს, რომლის მთავარი საკითხიც უკრაინის პოტენციური წევრობაა. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და აღნიშნულია, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია. 

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელების პროცესში მომავალი წევრობის გზაზე და შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინა მიიწვიონ NATO-ში გაჩნდება მას შემდეგ, რაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და დაკმაყოფილდება პირობები.

"ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან, მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე.

მოკავშირეები გააგრძელებენ [უკრაინის] მხარდაჭერას და განიხილავენ მის პროგრესს დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეაფასებენ რეგულარულდა შეაფასებენ პროგრესს წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. [ამის შემდეგ] ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უკრაინა მოვიწვიოთ, რათა ალიანსს შეუერთდეს, მას შემდეგ, რაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება", - აღნიშნულია კომუნიკეში.

ამასთან, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ დღევანდელ სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინაში ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის (CAP) შემდგომ განვითარებაზე. ნათქვამია, რომ გაწეული დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენას და უკრაინის გადასვლას NATO-სთან სრული თავსებადობისკენ.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოკავშირეებისთვის და ალიანსისთვის. ამასთან, ნათქვამია, რომ დღევანდელ სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელოვან პაკეტზე. აღნიშნულია, რომ მიიღეს გადაწყვეტილება NATO-უკრაინის საბჭოს ჩამოყალიბებაზე, რათა წინ წაიწიოს პოლიტიკური დიალოგი, თანამშრომლობა და უკრაინის მისწრაფებები ალიანსის წევრობაზე. 

ამასთან, სამიტის კომუნიკეში მოწოდებაა რუსეთის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო, აგრესიული ომი, შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, კომუნიკეს მიხედვით, NATO მოუწოდებს ქვეყნებს, არ გაუწიონ რაიმე სახის დახმარება რუსეთის აგრესიას და ალიანსი გამობს  ყველას, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომს უკრაინაში.

კომუნიკეს მიხედვით, ალიანსი ადასტურებს ურყევ სოლიდარობას უკრაინის მთავრობისა და ხალხის მიმართ. NATO სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას თავდაცვის შესახებ, როგორც ეს გაერო-ს წესდების 51-ე მუხლითაა გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნულია, რომ NATO მტკიცედ გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რადგან ის აგრძელებს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.


close დახურვა