logo
ENG



შსს არ რეაგირებს ძალადობისკენ მოწოდების ვიდეოზე, რომელშიც ბავშვის კადრებია გამოყენებული

12 ივლ 202315:54
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური ქსელებით ისევ ვრცელდება ძალადობრივი და ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი, სადაც ფორმულას თანამშრომლის შვილის ვიდეო კონტექსტის დარღვევით არის გამოყენებული. ვიდეოს ახლა სხვა პირები აზიარებენ, რომლებიც ძალადობრივ ალტ-ინფოსთან არიან დაკავშირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კი რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. უფრო მეტიც, მინისტრის მოადგილე ცდილობს პასუხისმგებლობა ბავშვის დედაზე გადაიტანოს. ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ მშობელს პოლიციასთან არ უთანამშრომლია. 

აღნიშნულ ვიდეოში გამოყენებულია კონკრეტული მონაკვეთი, რომელიც 4 წლის წინ არის ჩაწერილი და ბავშვი მაშინ 7 წლისაა. მშობლისთვის ვიდეოს შესახებ ცნობილი 7 ივლისს გახდა და იმავე საღამოს მან 112-ს შეატყობინა. მშობელმა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავი უწყების სამ დეპარტამენტს - ოპერატიული სამსახურის წარმომადგენელს, გამომძიებელსა და საპატრულო ეკიპაჟს. ამასთან, საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა ადგილზე და შედგა ოქმიც. 

"რატომღაც თავი შეიკავეს პოლიციასთან ურთიერთობისგან. თუკი ჩვენ მოგვმართავენ და მოგვაწვდიან ინფორმაციას, გვექნება შესაბამისი რეაგირება. [...] ჩვენ როგორ ავიღებთ ვიდეოს? გვაქვს წვდომა Facebook-ზე, რომ ავიღოთ ვინმეს ვიდეო?.. როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ ადამიანმა თავი შეიკავა, შეიძლება არასწორი ინფორმაცია მაქვს", - განაცხადა დარახველიძემ.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველიც. აპარატმა სამი დღის წინ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ მედიაში თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალებში, რომელიც კონკრეტული ჯგუფის მიმართ აგრესიისა და მიუღებლობის დანერგვას ემსახურება, დაუშვებელია ბავშვების, თუ მათი მონაწილეობით თუნდაც საჯარო სიუჟეტების ამონარიდების, ჩართვა.

ბავშვის უფლებებს უკვე იცავენ ადვოკატები. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ  ადვოკატებმა მიმართეს შსს-ს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულიყო.

"ვიდეო გავრცელდა 7 ივლისს, იმავე ღამეს შეტყობინება მშობლისგან შეუვიდა საპატრულო პოლიციას. ადგილზე იყო საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი და მშობელს შეხვდნენ, შესაბამისად, მშობელმა ითანამშრომლა საპატრულო პოლიციასთან. დამატებით, ადვოკატებმა მივმართეთ და გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა, რომ ბავშვს იცავენ ადვოკატები და ითხოვენ დაუყოვნებლივ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.

ყოველი წუთი, საათი, როდესაც ეს ბავშვი არის ამ ვიდეოში და ახლა უკვე როდესაც არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ორგანიზებულად ავრცელებს ამ ვიდეოს, ამ ბავშვს ემუქრება საფრთხე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ეს საათი არის ბავშვზე პასუხისმგებელი, რამე რომ მოხდეს", - განმარტავს არგანაშვილი.


close დახურვა