logo
ENG



სასამართლომ ფორმულას ჟურნალისტის შვილის საქმეზე ბავშვის მიმართ დამცავი ორდერი გასცა

21 ივლ 202314:18
3 წუთის საკითხავი
clock 3523

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის წევრს ფორმულას ჟურნალისტის, ელისო ჯარიაშვილის არასრულწლოვანი შვილის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება და ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება აეკრძალა.

გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ასევე, დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის მიმართ.

როგორც PHR-ის იურისტები აცხადებენ, სასამართლოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. ანა თავხელიძის თქმით, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რაც შსს-მ არ აღკვეთა.

"სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს. სამინისტრომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს ბავშვის დედა ან ბავშვის ადვოკატები არ თანამშრომლობდნენ სისტემასთან. არაერთგზის მივმართეთ მათ, მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერი, თუმცა სამინისტრომ დემონსტრაციულად თქვა უარი ბავშვი უფლების დაცვაზე. სასამართლომ თქვა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რისი აღკვეთაც ევალებოდა შსს-ს და მათ ეს არ გააკეთეს"- აცხადებს ანა თავხელიძე.

ელისო ჯარიაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით სისტემის მხილება მოხდა და სამართლებრივი დავა გაგრძელდება.

ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ სასამართლომ შექმნა პრეცენდენტი - ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალადეებად.

"მიუხედავად არსებული სასამართლო კლანისა, მოსამართლემ ვერ გაბედა უარი ეთქვა ბავშვის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ არ გამოეცა შემაკავებელი ორდერი, იმიტომ რომ ეს იყო ნათელი მაგალითი, როგორ დაარღვიეს ძალადობრივმა ჯგუფებმა ბავშვის უსაფრთხოებაც კი. სასამართლომ შექმნა პრეცედენტი ჩვენი სარჩელით, საქმით და ამ გამარჯვებით, რომ ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალადეებად. ეს არის ჩემი სამართლებრივი დავის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციულად, სწორედ იმიტომ რომ მე წარმოვადგენ ფორმულას, ვარ კრიტიკული ჟურნალისტი, დემონსტრაციულად უარი მითხრა ბავშვის დაცვაზე. ყველა წითელი ხაზი გადალახულია, სისტემა ვამხილეთ ამ ერთი შედეგით.

გრძელდება სამართლებრივი დავა, ქვეყნის შიგნით რა შესაძლებლობებიც გვექნება ყველას გამოვიყენებთ თუ ამ ხელისუფლების პირობებში, თუ მათ შეცვლის შემდეგ. უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველას შვილს შეეძლოს წაიკითხოს ის, რაც უნდა, უსაფრთხოდ იცხოვროს და არ შეიზღუდოს არავის გამოხატვის თავისუფლებაც"- აცხადებს ჯარიაშვილი.

რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა ძალადობრივი და ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი, სადაც ფორმულას თანამშრომლის შვილის ვიდეო კონტექსტის დარღვევით იყო გამოყენებული. ვიდეოს აზიარებდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ძალადობრივ ალტ-ინფოსთან არიან დაკავშირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე რეაგირება არ ჰქონია. უფრო მეტიც, მინისტრის მოადგილე ცდილობდა პასუხისმგებლობა ბავშვის დედაზე გადაეტანა. ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებდა, რომ მშობელს პოლიციასთან არ უთანამშრომლია. 

აღნიშნულ ვიდეოში გამოყენებულია კონკრეტული მონაკვეთი, რომელიც 4 წლის წინ არის ჩაწერილი და ბავშვი მაშინ 7 წლისაა. მშობლისთვის ვიდეოს შესახებ ცნობილი 7 ივლისს გახდა და იმავე საღამოს მან 112-ს შეატყობინა. მშობელმა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავი უწყების სამ დეპარტამენტს - ოპერატიული სამსახურის წარმომადგენელს, გამომძიებელსა და საპატრულო ეკიპაჟს. ამასთან, საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა ადგილზე და შედგა ოქმიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ ჰქონია.

 


close დახურვა