logo
ENG



წულუკიანი: კინოცენტრში მეფობს ნეპოტიზმი, არაერთი "პროტესტანტი" ამ სისტემის ბენეფიციარია

14 ივლ 202302:04
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: კინოცენტრში მეფობს ნეპოტიზმი, არაერთი "პროტესტანტი" ამ სისტემის ბენეფიციარია

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კინოცენტრში რეორგანიზაციის გარშემო მიმდინარე პროტესტის შესახებ ამბობს, რომ სამინისტრომ "რეორგანიზაციის დაწყება დააგვიანა".

წულუკიანის თქმით, კინოცენტრში რეორგანიზაცია არ გაჭიანურებულა  და კანონით განსაზღვრულ ვადაში 1 თვეში განხორციელდა - 12 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდა და ახლა "პრაქტიკულად დასრულებულია".

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია "რას ემსახურება პროტესტი".

თეა წულუკიანმა ასევე ახსენა კინოცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნინო კუხალაშვილიც. კუხალაშვილმა 11 ივნისს განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა "კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო", კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მინისტრს თქმით, კუხალაშვილი "სანაქებო მეთოდებით არ მართავდა კინოცენტრს" და სასამართლომ რეორგანიზაციის შეჩერების შესახებ კუხალაშვილის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

"ახლა ის რეორგანიზაცია, რომელიც მიმდინარეობდა პრაქტიკულად დასრულებულია, ამიტომ ეს პროტესტი რას ემსახურება მე არ ვიცი. დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი პროტესტანტი - ასე დავარქმევ, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, მიუმართავს სასამართლოსთვის და უთხოვია რეორგანიზაციის შეჩერება და 10 ივლისს სასამართლოს მისთვის უთქვამს უარი. ეს გახლავთ ქალბატონი კუხალაშვილი, რომელიც მაინცდამაინც სანაქებო მეთოდებით არ მართავდა ხოლმე ამ კინოცენტრს და მრავალი წლის განმავლობაში ეს ასე ხდებოდა" - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

წულუკიანის აზრით, სამინისტრომ "რეორგანიზაციის დაწყება დააგვიანა". 

"თუ რამე გაჭიანურდა, უფრო სწორად დაგვიანდა, არის რეორგანიზაციის დაწყება, რომელიც ჩვენ წელს, მხოლოდ ივნისში დავიწყეთ. ეს ჩემი და ჩემი გუნდის შეცდომაც არის. ეს რეორგანიზაცია მეც და ჩემს წინამორბედებსაც ბევრი წლის წინ და ბევრად ადრე უნდა დაგვეწყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს." - განაცხადა წულუკიანმა. 

კულტურის მინისტრის თქმით, „მათი ერთადერთი მიზანია, კინოცენტრი იყოს მოქნილი ინსტრუმენტი კინოხელოვანების ხელში“ და მომავალი კვირიდან კინოხელოვანებთან შეხვედრებს გააგრძელებენ.

"შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა, უბრალოდ ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ის კინოცენტრის თანამშრომლებთან "არა კონსენსუსს, არამედ პარტნიორებს ეძებენ" და "უკვე ჰყავთ ძალიან ბევრი პარტნიორი კინოხელოვანთა რიგებში, ვისაც აინტერესებთ კინო და არა პოლიტიკა".

წულუკიანის თქმით, პოლიტიკა მინისტრის და "მაქსიმუმ მისი მოადგილეების საქმეა", ხოლო "სხვების საქმე გახლავთ კინო".

"მე კონსენსუსს არ ვეძიებ, მე ვეძიებ პარტნიორებს და ასეთი პარტნიორი უკვე ძალიან ბევრი გვყავს კინოხელოვანთა რიგებში, რომლებსაც აინტერესებთ კინო და არა პოლიტიკა. იმიტომ, რომ, ასე გამოვიდა და ასე წერია კანონში, რომ პოლიტიკა არის ჩემი საქმე - მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, სამინისტროში, მაქსიმუმ, კიდევ ვისი საქმეც შეიძლება იყოს პოლიტიკა ესენი გახლავან ჩემი მოადგილეები, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირები და სულ ეს არის. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია მეტი არავის საქმე არ არის. სხვების საქმე გახლავთ, კინოს ხალხისთვის კინოს კეთება, თეატრის ხალხისთვის თეატრის და ა.შ და ამისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი ინსტრუმენტები და ვიყოთ ეფექტურები"  - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

წულუკიანის აზრით, კინოს დარგში კინოცენტრის მეშვეობით, „მრავალი წელია, ეფექტურად ვერ უწყობდნენ ხელს ყველას იმას, ვინც ხელშეწყობას საჭიროებს“, რადგან მისი თქმით, "მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები" და არაერთი "პროტესტანტი", როგორც მათ თავად უწოდებს  "ამ სისტემის ბენეფიციარია" და "ნეპოტიზმით ხელი მოუთბიათ".

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარი ინტერესია, კინოცენტრი იყოს „თავისუფალი ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისგან“

"ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ზედაპირზე. ზედაპირზე ამის დადება კი ზოგიერთს არ უნდა, ვინც ქუჩაში დგას, მაგრამ ქუჩაში გულწრფელი ადამიანებიც დგანან. ეს არის მთლიანობაში უმცირესობა. მნიშვნელოვანია მათი აზრი, ამიტომ მათთვის ჩვენი კარი, რა თქმა უნდა, ღიაა ამიტომ, საჭიროა, რომ მათ აინტერესებდეთ კინო და არა ის, თუ მინისტრი როგორ იმზირება კამერაში, როცა ინტერვიუს აძლევს - ეს არ არის მთავარი, ვირაცას მოსწონხარ, ვიღაცას არა, მთავარია გიყვარდეს კინო და გინდოდეს, რომ კინოცენტრი დაემსგავსოს კინოცენტრს და თავისუფალი იყოს ერთი ჯგუფის ინტერესებისგან და იყოს ყველასთვის" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

***

უკვე რამდენიმე თვეა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანის უწყების რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტმა, ბაჩო ოდიშარიამ, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან თქვა, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვებოდა.

 

close დახურვა