logo
ENG



"2022 წელს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ ათობით პირს" - TDI

18 ივლ 202317:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/es0clb7lowjcb35.jpg
nytimes

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) აქვეყნებს ანგარიშს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებისა და მათ მიერ სხვადასხვა სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს - TDI აღნიშნავს, რომ 2022 წელს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ ათობით რუს ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და პოლიტიკოსს. ასევე, 2021 წლიდან ხელისუფლება საქართველოში შემოსვლაზე დაბრკოლებებს უქმნიდა უკრაინელ საჯარო პირებს.

მათივე თქმით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელების სავარაუდო დისკრიმინაციისა და სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის, ასევე, წარმოშობის გამო საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის მაჩვენებელი.

კვლევის თანახმად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის გამოცხადების პრაქტიკა, რასაც, თითქმის ყველა შემთხვევაში, საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა.

ანგარიში ეხება თავშესაფრის მაძიებლების საკითხსაც - კვლევაში მითითებულია, რომ წინა წლებთან შედარებით, მათი რაოდენობა გაორმაგებულია. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო არ აწარმოებს ზუსტ სტატისტიკას საქართველოში შემოსული, საქართველოდან გასული და ქვეყანაში მყოფი უკრაინელების შესახებ. ასევე, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ გააჩნია ერთიანი და ქმედითი სტრატეგია და პოლიტიკა მათ დასახმარებლად.

რაც შეეხება რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებს, TDI-ის თანახმად, ეროვნული, ეთნიკური ან/და რასობრივი მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წელს სულ გამოტანილ იქნა 5 გამამტყუნებელი განაჩენი - შსს-მ გამოძიება დაიწყო სულ 56 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც რასობრივი დისკრიმინაციის ნიშანი იკვეთებოდა.

მათივე განცხადებით, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის 14 ფაქტზე, დაზარალებულად კი ცნეს სულ 18 პირი. ამასთან, რასობრივი შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამო საანგარიშო პერიოდში მსჯავრდადებულ იქნა 7 პირი.


close დახურვა