logo
ENG



მეტეხში მომხდარ დაპირისპირებაზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

19 ივლ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 

კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხში პოლიციელსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე, ფორმულისთვის უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

16 ივლისს სოფელ მეტეხში ადგილობრივები და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დაპირისპირების დროს შსს-ს თანამშრომელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა მას იარაღი წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თუმცა პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა - მათი თქმით, ინციდენტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად ამ გზაზე გადაადგილდებოდა.

"ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ხოლო ჯ.ც.-ს ბრალდება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით წარედგინათ.


close დახურვა