logo
ENG



ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოთი გამოუშვეს

19 ივლ 202323:31
3 წუთის საკითხავი
 
ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოთი გამოუშვეს

ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე.

ბათუმელების ინფორმაციით, გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს, ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს. სასულიერო პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გირაო შეუფარდა. ის 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება. მან საქართველოდან გასვლა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ.

დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება, სასულიერო პირისგან განსხვავებით.

გამოცემა წერს, რომ ბრალდებული სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულის – ა.ბ.-ს ბიძაა. სასულიერო პირს ბრალი თავის ძმასთან ერთად წარუდგინეს: ერთი ძმა პატიმრობაშია, ბრალდებული სასულიერო პირი კი, სასამართლომ გარეთ დატოვა.

მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 18 მაისს მოხდა. 19 წლის გიორგი ალხანიშვილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. გამოძიების მასალებით, მკვლელობის შემდეგ მოკლული ავტომობილით წაიღეს და ტყის მახლობლად დამარხეს.

 


close დახურვა