logo
ENG



ერდოღანი: მჯერა, პუტინთან ერთად მარცვლეულის შეთანხმების განხილვით მის გაგრძელებას შევძლებთ

21 ივლ 202320:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/8wpidnw0ggjix3a.jpg

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მისი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, აღდგეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.

ერდოღანის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ რუსეთის მოთხოვნები.

"მჯერა, რომ საკითხის პრეზიდენტ პუტინთან ერთად საკითხის სიღრმისეულად განხილვით ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელებას შევძლებთ. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგან კონკრეტული მოლოდინები აქვს და აუცილებელია, რომ ამ ქვეყნებმა ამ კუთხით იმოქმედონ." - თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების შეწყვეტა პოტენციურად ახალ გლობალურ პრობლემებს, მათ შორის საკვების ფასის ზრდას და საკვების დეფიციტს გამოიწვევს.

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება, მათ შორის,გლობალური საკვების ფასის მატება, ზოგიერთ რეგიონში საკვების სიმწირე და პოტენციურად, მიგრაციის ახალი ტალღები" - განაცხადა ერდოღანმა.

მოსკოვი აცხადებს, რომ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება თუ რუსეთს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი საკვები და სასუქის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს შეძლებს. დასავლური ქვეყნები კი ამბობენ, რომ რუსეთს იმ საკვების გაყიდვასთან დაკავშირებით, რასაც ფინანსური სანქციები არ ეხება, პრობლემები არ აქვს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს, პუტინი თურქეთს აგვისტოს ბოლოს ეწვევა.

"მჯერა, რომ ამ პროცესის გახანგრძლივების გარეშე უზრუნველვყოფთ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება" - თქვა ერდოღანმა.  

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.

19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.

20 ივლისს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ადამ ჰოჯმა განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებით საზღვაო ნაღმები განათავსა.


close დახურვა