ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. მას ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება.
ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე. PHR-ში აცხადებენ, რომ 28 ივლისს ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით მიმართეს. თუმცა 2 აგვისტოს ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.
"25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყოვნებლივ აღსრულებას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წერილში, რომელიც აბიტურიენტის დედამ მიიღო, აღნიშნულია, რომ დამატებითი ტესტირების ჩატარების მოთხოვნა შესაძლებელია სამ შემთხვევაში: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო; ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო; დაუძლეველი ძალის გმო.
როგორც ცენტრი აღნიშნავს, აბიტურიენტის გარემოება არ ითვალისწინებს გამონაკლისს, რადგანაც ის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამის განმავლობაში არ იმყოფებოდა:
"რაც შეეხება განჩინების აღსრულების საკითხს, გაცნობებთ, რომ სასამართლოს გაეგზავნა ცენტრის პოზიცია, აღნიშნული დროებითი განჩინების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე და განიმარტა, რომ 2023 წლის 25 ივლისს ცენტრმა ჩაატარა ისტორიის საგანში დამატებითი სესია იმ პირებისთვის, ვისაც წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად ეკუთვნოდათ დამატებით სესიაზე დაშვება".