logo
ENG



საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი მინდია ესაძე თანამდებობას ტოვებს

02 აგვ 202313:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/25md2whtgq7n7g1.jpeg

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ესაძის განცხადება კინოაკადემიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

"მსურს მივმართო კინოაკადემიის ძვირფას წევრებს, პატივცემულ კოლეგებს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა. კინოაკადემიას სჭირდება თავდაუზოგავი შრომა და ყოველდღიური ჩართულობა მის ფუნქციონირებაში. სამწუხაროდ, თუ, პირადად ჩემთვის, საბედნიეროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უმეტესად, მიწევს საზღვარგარეთ მოღვაწეობა - როგორც მოქმედ კინოოპერატორს არ აღმომაჩნდა საკმარისი დრო, მივიღო სრულფასოვანი მონაწილეობა კინოაკადემიის ცხოვრებაში. ჩემი პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში მრავალი კეთილი საქმე გაკეთდა და ამისი უშუალო შემოქმედი და შემსრულებელი იყო აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა აბრამიშვილი. ვუხდი მას განსაკუთრებულ მადლობას გვერდში დგომისა და ასეთი ზრუნვისთვის, უამრავი სიკეთისთვის, რაც გაკეთდა. მადლობა ყველას, ვინც დამიჭირა მხარი წინა არჩევნებში. იმედი მაქვს, დანიშნული არჩევნების შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი ღირსეულად გაართმევს თავს მის მოვალეობას და მრავალ ახალ ინიციატივას შესთავაზებს აკადემიის წევრებს და კინო მოღვაწეებს. ვუსურვებ კინოაკადემიას წარმატებებს!", - წერს ესაძე.

მინდია ესაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის 25 იანვარს აირჩიეს. კონსტანტინე ესაძე ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის შვილია.


close დახურვა