logo
ENG



კობახიძე შოვზე: არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ - ამის საჭიროება არ არსებობს

05 აგვ 202322:39
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე შოვზე: არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ - ამის საჭიროება არ არსებობს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად მიიჩნევს, რომ რაჭაში, კურორტ შოვში სამძებრო სამუშაოებისთვის ყველა საჭირო ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო მეზობელი ქვეყნებისგან დამატებითი ტექნიკისა და ვერტმფრენის თხოვნის საჭიროება არ არის.

მისივე თქმით, "არაერთი ქვეყანაა, რომლისთვის მთავრობას შეუძლია მიმართოს", თუმცა, კობახიძის აზრით, "ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს".

"დღეს თავიდან ბოლომდე არის საჭირო ის ტექნიკა, რომლითაც ხდება მიწის დამუშავება, იმისთვის რომ გაგრძელდეს სამძებრო სამუშაოები. ეს ტექნიკა სრულად მობილიზებულია ადგილზე... რაც შეეხება ვერტმფრენებს, ისინი არსებითად გადაყვანისთვის არის საჭირო - შესაბამისად ამ ნაწილში დამატებითი რესურსი არ არის საჭირო, სრულიად საკმარისია ამ ამოცანისთვის... საჭიროება რომ იყოს, არანაირი პრობლემა არ არის. არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ბუნებრივია, დახმარების ხელს აუცილებლად გამოგვიწვდიან, უბრალოდ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს გამომდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან", - თქვა კობახიძემ იმედის ეთერში.

***

4 აგვისტოს კითხვაზე, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად თურქეთსა და აზერბაიჯანს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ამის საჭიროება არ იყო".

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20-მდე ადამიანთან.

 


close დახურვა