logo
ENG



"რაც დრო გადის, უფრო ვისტრესებით - მაშო რომ არა, შეიძლება, შევგუებოდი ამ ჯოჯოხეთს" - ჯელაძე

07 აგვ 202322:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/07/rn41xr5844i5snl.jpg

შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ტრაგედიის დღეს იხსენებს.

როგორც ჯელაძემ ფორმულას გადაცემა ღამის კომენტარში თქვა, მას დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში დაახლოებით 400 მეტრის გასავლელად და მეწყერს გადარჩენილ უახლოეს სასტუმრომდე მისასვლელად ორ საათზე მეტი დასჭირდა.

"რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვისტრესებით და უფრო და უფრო გვიჭირს ამ თემის გახსენება. საერთოდ არ გვინდა, რომ ეს თემა გავიხსენოთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა ეს და თვალს რომ დავხუჭავთ,ყველას გვახსენდება...

ვფიქრობ, მაშო რომ არ მყოლოდა, საერთოდ არ მომაფიქრდებოდა იმ შორი გზის გავლა და იმ სასტუმრომდე მისვლა, მაგრამ რომ დავინახე, ბავშვს უკვე სციოდა და აღარ შეეძლო იმ მიწაში ყოფნა, რა უნდა გამაკეთებინა? როგორმე უნდა დამეღწია თავი და გადამეყვანა [ბავშვი] სამშვიდობოს. მოგვიწია, დიდი გზის გავლა. როგორც ახლა მითხრეს, 400 მეტრი ყოფილა საიდანაც დავიწყეთ მე და მაშომ სიარული და ეს 400 მეტრი იყო ჯოჯოხეთის გზა. საშინელებაა მოძრავი მიწა, ნებისმიერ ადგილას იძირები, მუხლებს ზემოთ ხარ მიწაში და ვერ იგებ, სად დგამ ფეხს. ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწია. მარტო მე და მაშოს ამ გზის გავლა ორი საათი ან კიდევ მეტი მოგვიწია. შეუძლებელი იყო მანდ სიარული. ახლაც ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, როგორ გადავედი და არ მაქვს პასუხი. ტალახში იყო [ბავშვი] და იმის ფიქრში ხარ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს ეს ტალღა. გარბიხარ, გარბიხარ და ვერ გადიხარ.

ჩემთვის ჩემი ოჯახი იყო მნიშვნელოვანი და მაგან გადაგვარჩინა. მაშო რომ არ მყოლოდა, შეიძლება, საერთოდ არ მომდომებოდა იმ გზის გავლა და შევგუებოდი ამ ჯოჯოხეთს, მაგრამ ბავშვი რომ გყავს 6 წლის, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს, გინდა, რომ გადაარჩინო. ძალიან რთული იყო. მოსასმენად კიდევ უფრო მარტივია და ვერ აცნობიერებს ადამიანი, თუ რა ხდებოდა იქ"- თქვა ჯელაძემ.

დავით ჯელაძე ოჯახთან ერთად ერთ-ერთია, ვინც შოვში სტიქიის ზონაში იყო. მეწყრის ჩამოწოლისას ოჯახი შოვის ცენტრში იმყოფებოდა.

სტიქიის ზონიდან ოჯახი 3 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ვერტმფრენის მეშვეობით გამოიყვანეს.

***

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.


close დახურვა