logo
ENG



"500 000 კუბური მეტრი კლდეზვავური მასა მოწყდა ბუბასწყლის ხეობიდან" - გარემოს ეროვნული სააგენტო

09 აგვ 202319:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/09/kueilno5dneqfrl.png

გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. მათი განცხადებით, 500 000 კუბური მეტრი კლდეზვავური მასა მოწყდა ბუბასწყლის ხეობიდან, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო ამ მოწყვეტის შედეგად და ეს ხეობა მთლიანად გამოიარა.

"პირველად დასკვნაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნულს ადასტურებდნენ, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებული წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით. თუმცა, პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი, ჩვენ მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.

სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გამოდინება გამოიწვია (მიმდინარეობს დამატებითი კვლევების წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემულ შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას.

ცნობილია, რომ კდლეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალფაქტორიან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. 

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 10-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".


close დახურვა